9 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წელი, მერვე თვის რვა რიცხვი - თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე კვალი დატოვა. 9 წლის წინ, ქართული სოფლების მიმართულებით, ცხინვალის მხრიდან ჭურვები რამდენიმე დღის განმავლობაში ცვიოდა, ისმოდა სროლაც. მოსახლეობა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს თანდათან ტოვებდა. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართული ჯარის შენაერთებმა სცადეს ცხინვალის დაკავება, მაგრამ რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ობიექტებსა და აეროდრომებზე. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.  5 დღიანი ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. ამათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს 2 რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა