ხანძარი მთაწმინდაზე ლიკვიდირებულია

"გუშინ პრევენციის მიზნით ადგილზე რჩებოდა ხუთი ერთეული სახანძრო ტექნიკა და 30 მეხანძრე მაშველი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორია,  ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა გუშინდელი ხანძრის დროს არ ყოფილა", - თქვა  საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ  დავით გელაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენები უსაფრთხოების კომპონენტიდან გამომდინარე არ ჩაერთნენ. „ვერტმფერენების გამოყენება ღამის საათებში, უსაფრთხოების კომპონენტიდან გამომდინარე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არ ხდება. ამიტომაც ამ შემთხვევაშიც არ ხდება ვერტმფრენების გამოყენება“, - განაცხადა ნარმანიამ.