დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინი მკაცრად გააფრთხილა

„მსოფლიოსთვის ჯერ არნახული ცეცხლითა და მრისხანებით“ დაემუქრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელს, იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანის ქმედებები ამერიკის ან შორეული აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს

ტრამპის განცხადების შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა თქვა, რომ აშშ მზად არის და ვალდებულია, ჰქონდეს საკითხის სამხედრო გზით გადაჭრის ვარიანტები, თუმცა მას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, ამიტომ ქვეყანა პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა.

დონალდ ტრამპის განცხადება „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას მოჰყვა, სადაც სადაზვერვო სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ეწერა, რომ ფხენიანს პირველად აქვს შესაძლებლობა, ბირთვული ქობინები აწარმოოს და ბალისტიკურ რაკეტებში დაამონტაჟოს.

ფხენიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების მუქარით უპასუხა.