გამოაცხადებს თუ არა დღეს კატალონია დამოუკიდებლობას?

კატალონიის, ესპანეთის და მსოფლიოს ყურადღება დღეს კატალონიის პარლამენტისკენ არის მიპყრობილი. დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე, კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი რეგიონალურ პარლამენტში მივა და 1 ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს. ამის შემდეგ პარლამენტმა ესპანეთიდან გამოყოფის პროცედურა უნდა აამოქმედოს. ცნობილია, რომ სარეფერენდუმო უბნებზე მისული მოქალაქეების 90-მა პროცენტმა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა, თუმცა რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიელთა ნახევარზე ნაკლებმა მიიღო.

ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენ 300 წელი ვიბრძოდით ეს დღე რომ დამდგარიყო. ასე რომ, ახლა უკან დახევა წარმოუდგენელია.

თუმცა თავად კატალონიაშიც საკითხისადმი ერთსულოვანი დამოკიდებულება არ არსებობს. ორად არის გაყოფილი პოზიციები პარლამენტშიც. ცნობულია, რომ კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს 135 წევრიდან დამოუკიდებლობის მომხრე 72 დეპუტატია, 63 კი ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას უჭერს მხარს.

მე ვფიქრობ, რომ ესპანეთი ერთიანი უნდა დარჩეს. მესმის, რომ ზოგიერთებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ, მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ მეთოდებს, რითაც ისინი ამის მიღწევას ცდილობენ. ვთვლი, რომ ეს არასწორი გზაა.

ორშაბათს კატალონიის პარლამენტის შენობა გამნამღველებმა შეამოწმეს. ხელისუფლება შესაძლო ექსცესებისგან თავს იზღვევს. კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ კი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა იმ შემთხვევაში, თუკი კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. კატალონიის უმაღლესი სასამართლო ესპანური მართლმსაჯულების სისტემაში შედის და კატალონიის რეგიონალურ მმართველობას  არ ექვემდებარება.