ერდოღანი: თურქეთი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს

კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყირიმის შესახებ განცხადება გააკეთა.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი

მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე ბატონი პოროშენკო, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ეს ეხება ყირიმსაც.  მე მზად ვარ დახმარება აღმოვუჩინო უკრაინას ამ საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებში.

ერდორანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს დაკვირვებას ყირიმელი თათრების მდგომარეობაზე და კოორდინირებულ ქმედებებს ახორციელებს უკრაინასთან ერთად შავი ზღვის რეგიონში.

ის, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერდოღანმა ერთი წლის წინაც განაცხადა. მაშინ ითქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დათბობა, ყირიმის საკითხტან დაკავშირებით ანკარას პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს.