მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გუშინ საბჭომ 14 კანდიდატს მოუსმინა. გასაუბრებაში მონაწილეობას სულ 38 კანდიდატი იღებს. კენჭისყრას საბჭოს წევრები მას შემდეგ გამართავენ, რაც ყველა მათგანს გაესაუბრებიან.‬ უვადოდ გამწესების მსურველმა ორმა კანდიდატმა - თამარ ალანიამ და ელისო ტუკვაძემ - დაჩქარებული წესით გასაუბრება უკვე გაიარა. თამარ ალანია საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი და გვანცა ყუფარაძის გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეა. უვადოდ გამწესებაზე მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას, სულ მცირე, მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს და ასევე, წარმატებით აქვს გავლილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.