საკონსტიტუციო რეფორმა - ევროკავშირის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასახულია, რომ მიესალმებიან, საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და კონსტიტუციაში მისი რეკომენდაციების ასახვის შესახებ. გარდა ამისა, განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიებში საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს არგუმენტირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვეტო არის ერთადერთი შანსი, მიიღონ „თანხმობის დოკუმენტი“. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, შენიშვნები ოპოზიციის გარდა, ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებსაც ასახავს. საპარლამენტო უმრავლესობამ კი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მე-10 ვეტოს დასაძლევად ემზადება. ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. პრეზიდენტს 6 მოტივირებული შენიშვნა აქვს.