ლონდონის კინოფესტივალი

ლონდონის ფილმის ფესტივალის ფარგლებში ბრაიან კრენსტონისა და სტივ ქარელის ახალი ფილმის პრეზენტაცია შედგა. „ბოლო დროშა“ კომედიისა და დრამის ჟანრში არის გადაღებული და ვიეტნამის ომის ვეტერანების ცხოვრებას ასახავს.

ფილმში მოქმედება 2003 წლის დეკემბერში ხდება, როდესაც ამერიკის სამხედრო ძალები ერაყში სადამ ჰუსეინის გამანეიტრალებელ ოპერაციას ახორციელებდნენ. ლარი შეპარდი, სალ ნელონი და მიულერი წლების წინ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობდნენ. მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანის შვილი ერაყში ოპერაციის დროს იღუპება, მთავარი გმირი მეგობრებს სთხოვს შვილის დაკრძალვაზე გაყვნენ. ფილმი დერილ პონიკსანის რომანის ეკრანიზაციაა, წიგნი 2005 წელს გამოვიდა. „ბოლო დროშის“ რეჟისორი რიჩარდ ლინკლატერია. ის ცნობილი ტრილოგიის  „მზის ჩასვლამდე“ ავტორია.

რიჩარდ ლინკლატერი / რეჟისორი

ეს ფილმი ჯარისკაცებზეა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს იდეას სწირავენ. მე მინდოდა ჩემი ფილმით გამომეხატა ის დამოკიდებულება რაც ამ ადამიანების მიმართ მაქვს და ერთგვარად შემეხსენებინა პოლიტიკოსებისთვის, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს ადამიანები ქვეყნის ისტორიაში.

„ბოლო დროშა“ ვარსკვლავური სამსახიობო დასით გამოირჩევა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ბრაინ კრენსტონი ასრულებს. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „მძიმე დანაშაულში“  უოლტერ უაითის როლმა მოუტანა. კრენსტონის კარიერა 65 ფილმსა და 75 სატელევიზიო როლს ითვლის. ამ ფილმში კი კრენსტონს პარტნიორობას ოსკარის ნომინანტები კომიკოსი სტივ ქარელი და ლორენს ფიშბორნი უწევენ.

ბრაიან კრენსტონი / მსახიობი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი წარსულის მოვლენებს ასახავს, ვფიქრობ, დღევანდელ რეალობასთან შეგვიძლია დავაკავშიროთ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყველა ერთ აზრზე იყო და მსოფლიოს ერთი პრობლემა აწუხებდა, რაც შეეხება ვიეტნამისა და ერაყის ომებს, აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ დღეს. ვფიქრობ, ომი კონფლიქტის გადაჭრის ბოლო საშუალება უნდა იყოს. ჩვენ დიპლომატიური ქვეყანა ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარებას.

ლონდონის 61-ე კინოფესტივალის ფარგლებში 67 ქვეყნის, 243 სრულმეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია შედგება.

ფესტივალის იდეა დიდ ბრიტანეთში 1953 წელს გაჩნდა. ის ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ნახევარში ტარდება. თავდაპირველად ღონისძიების ფარგლებში ოცამდე ფილმს აჩვენებდნენ, თუმცა წლებთან ერთად მათმა რიცხვმა 300-ს მიაღწია.