სირიაში რუსული ბომბდამშენი დაიმტვრა

სირიაში, ჰმეიმიმის ავიაბაზაზე აფრენისას რუსულმა ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

რუსეთის სამხედრო უწყების მონაცემებით, კატასტროფა დღეს დილას მოხდა. თვითმფრინავმა ბილიკზე სისწრაფის აკრეფის მერე აფრენა ვერ მოახერხა, ბილიკიდან გადავიდა და დაიმტვრა. პილოტებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად თავდაცვის სამინისტროში თვითმფრინავის გაუმართაობას ასახელებენ.

სირიის სამხედრო კამპანიის პერიოდში ეს უკვე მეორე სუ 24 ტიპის თვითმფრინავია, რომელიც რუსეთმა დაკარგა. პირველი ინციდენტი 2015 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ბომბდამშენი თურქულმა ეფ-16 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. იმ ინციდენტს საერთაშორისო სკანდალი და რუსეთსა და თურქეთს შორის ურთერთობების მკვეთრი გაუარსება მოჰყვა.

ბოლო წლებში რუსეთმა სხვა ტიპის სამხედრო ავიაციაც დაკარგა. შარშან აპრილში სირიაში ღამის მონადირის სახელით ცნობილი მი-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ დაადასტურეს, რომ კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. დეკემბერში კი ავიამზიდ ადმირალ კუზნეცოვზე დაფრენისას სუ-33 ტიპის გამანადგურებელი დაიმტვრა. მაშინ სამუხრუჭე ტროსი გაწყდა და თვითმფრინავი გემბანიდან ზღვაში გადავარდა.