საყოველთაო გაფიცვა საფრანგეთში

ემანუელ მაკრონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საფრანგეთში სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა პირველი გაფიცვა დაიწყო. რეფორმა, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ცდილობს, საბიუჯეტო ორგანიზაციათა დიდ ნაწილში თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას ითვალისწინებს. ამავე რეფორმით გაიყინება ხელფასების ინდექსაციაც.

გაფიცვის გამო დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაიშალა სასწავლო პროცესი სკოლებში, დაიკეტა საბავშვო ბაღები. არ მუშაობს საგადასახადო ინსპექცია და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები.

გაფიცვის გამო პრობლემები შეექმნათ მგზავრებსაც. აეროპორტებში, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ავიარეისები თითქმის მესამედით არის შემცირებული. გაფიცვას შეუერთდნენ ექიმებიც, რაც პროტესტის მასობრიობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. გაიფიცნენ აფთიაქების მეპატრონეები და სტომატოლოგებიც.