„სიყვარულით ვინსენტი“ - კინოინდუსტრიის სენსაცია

„სიყვარულით ვინსენტი“ მსოფლიოს პირველი მხატვრული შედევრია, რომელიც 130-მა ხელოვანმა ფილმად აქცია. კაცბრიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრის, მზესუმზირის ყვავილების ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას მაყურებელი პირველად ფილმის ისტორიაში მისივე ნახატებით შექმნილ ფილმში იხილავს. ჰოლანდიელი მხატვრის ტაგიკულ ცხოვრებას მისი ნახატები ყვებიან.

ვან გოგის შემოქმედება 860 ზეთის საღებავებით შექმნილ ტილოს ითვლის, მათი უმეტესობა მხატვარმა ცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნა, სანამ 37 წლის ასაკში თავს თვითმკვლელობით დაასრულებდა. ლეგენდარული მხატვრის ცხოვრების დეტალები ისტორიამ უმცროს ძმასთან თეოსთან არსებული წერილების საშუალებით შემოინახა, რომელთანაც ვინსენტს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. ძმები 1872 წლიდან მხატვრის გარდაცვალებამდე წერდნენ ერთმანეთს. წერილები თეოს მეუღლემ ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაასაჯაროვა. თეო ნახტებით ვაჭრობდა, შესაბამისად სწორედ პატარა ძმა ინახავდა ვინსენტს წლების მანძილზე და მისი ნამუშევრების გაყიდვაში ეხმარებოდა.

ფილმის რეჟისორი არც თუ ისე ცნობილი კინემატოგრაფი ჰიუ უელჩმანია, პარტნიორობა ფილმზე მუშაობისას ახალბედა რეჟისორს მისმა მეუღლემ დოროტა კობიელამ გაუწია. უელჩმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი ედიტ პიაფის ცხოვრებაზე შექმნილი ეკრანიზაცია არის. ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ მთავარ როლს მარიონ კოტიარდი ასრულებს, უელჩმანი კი ფილმისთვის ვუზუალურ ეფექტებს ქმნიდა.

ჰიუ უელჩმანი / რეჟისორი

„ვინსენტი, როგორც მხატვარი და ხელოვანი საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო. ის ხატავდა ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავდა იქნებოდა ეს მისი ოთახი, საძინებელი თუ საკვები. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო ვინსენტის სამყაროს გაღვიძება და ისე ჩვენება, როგორც ამას თავად მხატვარი ხედავდა. ვინსენტის სიკვდილის შემდეგ 127 წელი გავიდა, თუმცა მისი ცხოვრების საიდუმლო დეტალები ჩვენთვის დღემდე უცნობია. ჩვენი ფილმი ერთგვარად დეტექტიურ ჟანრში არის გადაწყვეტილი, სადაც ვცდილობთ გავარკვიოთ რეალურად რამ გამოიწვია ვან გოგის სიკვდილი“

ფილმში „სიყვარულით ვინსენტი“ 65 ათასი სცენაა, თითოეული მათგანი კი ხელით არის დახატული. პროექტზე 125 მხატვარი მუშაობდა, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად აღნიშნულ ფილმზე სამუშაოდ იყრიდნენ თავს. მხატვრების ასარჩევად პროექტის ფარგლებში ქასთინგი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 4 ათასმა მხატვარმა მიიღო, საბოლოოდ მათგან 125 საუკეთესო აარჩიეს და სამკვირიანი ტეინინგის შემდეგ მსოფლიო კინოს ოსიტორიაში სენსაციის შესაქმნელად მოემზადნენ.

„სიყვარულით ვინსენტი“ პირველი ფილმია, სადაც მსახიობები ვინსენტის ნახატებში არსებულ პერსონაჟებს აცოცხლებენ. ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში დუგლას ბუტი ასრულებს. ბრიტანელი მსახიობი როულინების ოჯახის წევრია, მათი ოჯახის პორტრეტები ვინსენტმა 1888-89 წლებში შექმნა. ჯოზეფ და ავგისტინა როულინებს სამი შვილი ჰყავდათ, არმანდი, კამილა და მარსელი. სწორედ არმანდის როლს ასრულებს ახალგაზრდა ბუტი. „სამეფო კარის თამაშები“-ის მსახიობი ჯერემი ფლინი ამჯერად პოლ გაშეს როლში გვევლინება. გაშე პროფესიით ექიმი იყო, სწორედ ის უვლიდა ლეგენდარულ მხატვარს სიცოცხლის ბოლო დღეებში.

„სიყვარულით ვინსენტი“  5 მილიონი დოლარი დაჯდა და ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების ბოლო დღეებს ასახავს.