მადრიდის ულტიმატიმი კატალონიას

1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის ნაპირებს მიადგა. საუკუნეების შემდეგ კი ესპანეთის მეფემ ეს დღე ქვეყნის ნაციონალურ დღესასწაულად გამოაცხადა და ის ეროვნული ერთობის დღედ მოიხსენიება. წელს ერთობის დღეს ესპანეთი სრულ გაურკვევლობაში ხვდება. კატალონიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ამ აქტს მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. საპასუხოდ კი ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ რეგიონს ულტიმატუმი წაუყენა.

ესპანეთის პრემიერის მუქარა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს ეფუძნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავტონომიურ ერთეულში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღებას ითვალისწინებს. ესპანეთის პარლამენტში გამოსვლისას რახოიმ აღნიშნა, რომ არც ერთი სახელმწიფო ნებაყოფილობით არ დათანხმდება საკუთარი სუვერენული ტერიტორიის გახლეჩას. პრემიერმა კატალონიის მთავრობას დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარის სათქმელად ვადა ორშაბათამდე მისცა.

მარიანო რახოი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

პირველ ოქტომბერს კატალონიის მთავრობამ უკანონო რეფრენდუმის ჩატარება სცადა. მათი ეს გადაწყვეტილება არც სპონტანური იყო და არც დემოკრატიული. ეს იყო უკანასკნელი წვეთი იმ პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომელიც კატალონიის მთავრობამ თავს მოახვია საზოგადოებას და ყველა ესპანელს. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც მხოლოდ ერთეულებს სურთ და რომლისგანაც არანაირი სარგებელი არ იქნება.

ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მუქარას გამოეხმაურა კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი. მან განცხადება თვითერის საშუალებით გააკეთა.

ჩვენ ვისწრაფვით დიალოგისკენ, ისინი კი 155-ე მუხლით გვემუქრებიან. აქ ყველაფერი გასაგებია. მინდა განვაცხადო, რომ 155-ე მუხლის ამოქმედება უკუეფექტს მოიტანს და არა იმას, რაც ესპანეთის ხელისუფლებას სურს. რეპრესიებმა აქამდეც ვერ იქონია გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე და ამიტომ 155-ე მუხლი მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას.

მადრიდის მუქარას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა საზოგადოებაშიც. ბევრი კატალონიელი თვლის, რომ ესპანეთის პრემიერს მათთვის ავტონომიის წართმევა სურს. მოქალაქეთა ნაწილისთვის კი რახოის მუქარა დადებით სიგნალად იქცა.

ავტონომიური უფლებების წართმევა არ გამოუვათ - ადამიანები ასეთ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

ჩემი აზრით, დიალოგისთვის კიდევ რჩება დრო. ჩვენ ურთიერთობების ახალ ფურცელს ვშლით. მოთმინება უნდა ვიქონიოთ. არ მგონია, რომ ახლო მომავალში რამე რადიკალური ცვლილებები მოხდება.

ევა გრანადოსი, კატალონიის პარლამენტის დეპუტატი

მე ვთვლი, რომ მადრიდის რეაქცია დაბალანსებული და კორექტული იყო. ჩვენ ველოდებით, რომ ახლა კარლეს პუჩდემონი თავის პოზიციას უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს.

მარტა რიბა, კატალონიის პარლამენტის დეპუტატი

კიდევ რჩება დრო დიალოგის დასაწყებად. რაც უფრო მეტად დაიძაბება ვითარება, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკების დაწყება. სჯობს, დიალოგი ახლა დავიწყოთ და არა 155-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ.

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ახლა ესპანეთის ყურადღება კარლეს პუჩდემონისკენ არის მიპყრობილი. პასუხის გასაცემად მას ვადა კვირის ბოლომდე აქვს.