ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დილით ისევ საკუთარ სახლში გადაასვენეს, სადაც გუშინ საღამოს მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება იკვლევს. ჩვენი კორესპონდენტი ლუკა ხაჩიძე იმყოფება მსახიობის საცხოვრებელ სახლთან.

ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ. პანაშვიდები მსახიობის სახლში, აბაშიძის 62 ნომერში 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება. შაბათს კი, ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ. ჯერ დაზუსტებული არ არის, სად დაკრძალავენ ცნობილ ქართველ მსახიობს. 58 წლის მსახიობის ცხედარი გუშინ საღამოს აბაშიძის ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, ერთ-ერთი ვერსიით კი მსახიობმა თავი მოიკლა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. კინომსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა. ლიკა ქვაჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ქვეყნის პირველმა პირებმაც. ‘’გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით’’. წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

” მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს”, - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის სამძიმრის წერილში. „ქართულმა კინომ და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა. გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა’’ წერია პარლამნეტის თავმჯდომარის განცხადებაში.