ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ტილო აუქციონზე

ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ტილო აუქციონზე ბრუნდება. იესო ქრისტეს პორტრეტი სახელწოდებით „მსოფლიოს გადამრჩენელი“ წლების მანძილზე კერძო კოლექციონერის მფლობელობაში იყო და დაკარგულად ითვლებოდა. „მსოფლიოს გადამრჩენელი“ რენსანსის ხანის გენიოსის ნამუშევრების ოცეულში შედის, რომელიც ისტორიამ კაცობრიობას დღემდე შემოუნახა. აღნიშნული ტილო და ვინჩიმ საფრანგეთის მეფის ლუი 12-ის დროს 1506-13 წლებში შექმნა.

და ვინჩის შედევრი 1649 წლიდან ინგლისის მეფის ჩარლზ პირველის პირად კოლექციაში 1763 წლამდე იყო, სანამ მისმა შვილმა ბუკინგემისა და ნორმანდიის ჰერცოგმა ის აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ტილო ბოლოს 1900 წელს ბრიტანელი კოლექციონერის ფრენსის კუკის კერძო კოლექციაში გამოჩნდა, მისმა შთამომავლებმა ტილო 1958 წელს აუქციონზე სულ რაღაც 45 ფუნტად გაყიდეს.

2005 წელს ლეგენდარული და ვინჩის ნამუშევარი ხელში ნახატებით მოვაჭრეებს ჩაუვარდათ. წლების მანძილზე დაზიანებული ტილო ყალბი ეგონათ, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ნახატი ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოიფინა. 2013 წელს კი „მსოფლიოს გადამრჩენელი“ რუსმა კოლექციონერმა დიმიტრი რიბალოვლევმა 127 მილიონ დოლარად შეიძინა.

ალან ვინტერმუტე / აუქციონის წარმომადგენელი

„ტილო ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ პატარა აუქციონზე 2005 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე ძალიან ბევრი საღებავის ახალი ფენა ჰქონდა გადატარებული და ძირითადად, როგორც ორიგინალის ასლი ისე იყიდებოდა. ერთ-ერთმა კოლექციონერმა ნახატის აღდგენა გადაწყვიტა და როდესაც  საღებავის ახალი ფენები მოაშორეს აღმოჩნდა, რომ ის და ვინჩის დაკარგული ტილო იყო. უკვე წლებია ამ შედევრის მსგავსი ნახატი აუქციონზე არ გაყიდულა, ამიტომ რთულია ვივარაუდოთ საბოლოოდ რა თანხად გაიყიდება“

იესო ქრისტეს პორტრეტის „მსოფლიოს გადამრჩენელის“ საწყისი ფასი 100 მილიონი ამერიკული დოლარია, ამჯერად ტილოს მფლობელის ვინაობა არ სახელდება. აუქციონი ნიუ იორკში 15 ნოემბერს გაიმართება.