ლონდონის ბრალდება - რა სანქციები ელის მოსკოვს?

ოფიციალური ლონდონი მოსკოვს ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს. განცხადება ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გააკეთა. ქალაქ სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმას მან უპასუხისმგებლო აქტი უწოდა, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააყენა. პრემიერმა დაადასტურა, რომ სკრიპალის მოსაწამვლად სამხედრო წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ჩვენ გამოვდივართ ამ ნივთიერების ქიმიური ანალიზიდან, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტებმა ჩაატარეს პორტონ დაუნის სამხედრო ტექნოლოგიების ლაბორატორიაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ადრე აწარმოებდა ამ ნივთიერებას და ახლაც შეუძლია მისი დამზადება. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ რუსეთის გამოცდილებას, განახორციელოს სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი მკვლელობები და იმას, რომ რუსეთი დასაშვებად მიიჩნევს განიხილოს  ყოფილი აგენტები მკვლელობის ობიექტებად. ჩვენი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი ძალიან მაღალი ალბათობით პასუხისმგებელია სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმაში.

ლონდონმა მოსკოვს აკრძალული ქიმიური იარაღის შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა მოთხოვა. პრემირმა განაცხადა, რომ თუკი მოსკოვიდან მიღებული პასუხი მათ არ დააკმაყოფილებთ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საპასუხიო კომპლექსური ზომების შესახებ მსჯელობას დაიწყებს.

შესაძლო ზომებად სამთავრობო წრეებთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, ბრიტანელი თანამდებობის პირების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირებას და ევროკავშირის და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად დიპლომატიურ დემარშს განიხილავენ.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. სერიოზულად დაშავდა პოლიციის ის თანამშრომელიც, რომელმაც უგონო მდგომარეობაში მყოფ მამა-შვილს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ჯამში სხვადასხვა დოზით 21 ადამიანი მოიწამლა. ინციდენტის შესახებ პირველი კომეტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც.

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ჩვენ აქ სოფლის მეურნეობის საკითხებს განვიხილავთ, თქვენ კი რაღაც ტრაგედიებზე მეკითხებით. ჯერ თქვენთან გაერკვიეთ და მერე განვიხილოთ ეს საკითხი.

რუსეთსი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტერეზა მეის პარლამენტში გამოსვლას საცირკო წარმოდგენა უწოდეს.