აფეთქებების სერია ტეხასში

ტეხასის ქალაქ ოსტინში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 აფეთქება მოხდა. ერთი აფეთქების შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, მეორე აფეთქებისას მოხუცი ქალი მძიმედ დაშავდა. პირველ შემთხვევაში ბომბი ამანათში იდო, რომელიც სახლის კართან დადეს. კიდევ ერთი ანალოგიური ინციდენტი ოსტინში 10 დღის წინაც მოხდა. მაშინაც ბომბი ამანათში იყო ჩადებული.

ბრაიან მენლი, ოსტინის პოლიციის უფროსი

ჩვენ დავადგინეთ, რომ ორ შემთხვევაში ამანათის მიმღებები აფროამერიკელები იყვნენ. ასე რომ არ შემიძლია გამოვრიცხო დანაშაულის რასობრივ ნიადაგზე ჩადენის ალბათობა. თუმცა ცხადია, ამას 100 პროცენტითაც ვერ დავადასტურებ.

ოსტინის პოლიციაში დაადასტურეს, რომ ამანათები ადრესატებამდე საფოსტო ან კურიერული სამსახუების მიერ არ ყოფილა მიტანილი. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და მასში გამოძიების ფედერალური ბიურიც არის ჩართული.