ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი არისტოკრატი და მოდელიერი უბერ დე ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზინერმა ბიზნესი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და ისეთ ქალებს აცმევდა, როგორებიც მაგალითად, ჟაკლინ კენედი და გრეის კელი იყვნენ. პირველი კოლექცია ჟივანშიმ 24 წლის ასაკში შექმნა და მისი გვარი  ელეგანტურობის  სინონიმად იქცა. სწორედ მისი შექმნილია ოდრი ჰეპბერნის შავი კაბა ფილმში „საუზმე ტიფანისთან“.

ჟივანშები მარკიზები იყვნენ. მამამისს, მარკიზ ჟივანშის იმედი ჰქონდა, რომ შვილი იურისტი გახდებოდა, მაგრამ 196 სმ. სიმაღლის ახალგაზრდა უბერმა 17 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა თავი მოდის სამყაროსთვის მიეძღვნა. დიზაინერის პირველივე კოლექციამ, რომელის დებიუტიც 1952 წელს შედგა 1 მილიონი ევროს შეკვეთები მიიღო.