ლავროვი სკრიპალების მოწამვლაში დასავლეთს ადანაშაულებს

სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება BZ-ით მოწამლეს, რომელიც შეერთებულ შტატებისა და დიდი ბრიტანეთისთვის იყო ცნობილი და რუსეთში ან საბჭოთა კავშირში არ იწარმოებოდა – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ლავროვის თქმით, მოსკოვმა მონაცემები, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, შვეიცარიული ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგად მიიღო.

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნიმუშებში აღმოჩნდა ტოქსიკური ნივთიერება ბი-ზი, რომელიც ქიმიური იარაღის მეორე კატეგორიას განეკუთვნება. ამ ნივთიერების რეცეპტი შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარღებული ძალების განკარგულებაშია. საბჭოთა კავშირში ან რუსეთში, მსგავსი ქიმიური ნივთიერების შექმნა და დაგროვება არ იწარმოებოდა.

ლავროვის თქმით, მომწამლავი ნივთიერება BZ-ის მოქმედება მიღებიდან 30-60 წუთში იწყება და მოქმედების ეფექტი ოთხ დღემდე გრძელდება. ლავროვმა აღნიშნა, რომ სკრიპალების კლინიკური სურათი BZ-ით მოწამვლის ფორმას შეესაბამება.