პენტაგონი სირიაზე იერიშის კადრებს ავრცელებს

პენტაგონმა სირიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ობიექტები ჩანს, რომელზეც დასავლეთის კოალიციამ შეტევა განახორციელა. მათ შორის არის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ, ასევე ამ იარაღის საცავი და ბუნკერი. თავდასხმის კადრებს ავრცელებს სირიული მხარეც.

კოალიციის მიერ განადგურებულ ობიექტებს შორის მოხვდნენ: რესპუბლიკური გვარდიის შტაბი დამასკოში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა კასიუნის მთაზე, დედაქალაქის მეზას აეროპორტი, აღმოსავლეთ გუტაში ად-დუმეირის აეროპორტი, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი დამასკოში, ჯამრაიას სამეცნიერო ცენტრი, 41-ე სპეცდანიშნულების ბატალიონი დამასკოს გარეუბანში, სამხედრო დანაყოფი კალამუნში, სამხედრო ობიექტი კისვში და სამხედრო საწყობები ჰომსის პროვინციაში.