ნატოს დღეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს დღეებს ოფიციალურად გახსნის. უწყების ცნობით, ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოსვლაში ყურადღებას საქართველოში ნატო-ს დღეების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას.

წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. წელს, ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან პირველ მაისამდე გაგრძელდება.