შსს-ს ვერტმფრენის ავარიული დაშვება

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს ოპერაცია უტარდება. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მუცლის ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული მეორე პირიც. ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფში, გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ. რა გახდა შეთმთხვევის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.