ჭარბწონიანობა - საფრთხე ნაციონალური უსაფრთხოებისთვის

ჭარბი წონა შეერთებული შტატების ნაციონალურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს - ამგვარი დასკვნა გადამდგარი ოფიცრების, ღვთისმსახურთა და სპორტსმენთა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის მოხსენებაში გააკეთა. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მესამე მოხალისეს, რომელიც ჯარში წასვლის სურვილს გამოთქვამს, სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად, სწორედ ზედმეტი კილოგრამების გამო თვლიან. ჯამში საგაწვევო ასაკის ამერიკელთა 71 პროცენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არმიისთვის გამოუსადეგარები არიან. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა დედაქალაქ ვაშინგტონშია, სადაც ჭარბწონიანი ახალგაზრდები 78 პროცენტს შეადგენენ. ყველაზე კარგი მდგომარეობა კი ჰავაის კუნძულებზეა.