სპეცოპერაციისას დაკავებული იდოიძის სასამართლო პროცესი

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ზურაბ იდოიძის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ გამოიყენოს და გაათავისუფლოს. სუსმა 9 იანვარს ბრალდებული ახმეტაში დააკავა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.