დეპორტირებულები სან სალვადორში ჩავიდნენ

შეერთებული შტატების მთავრობამ 200 ათას სალვადორელს დროებით დაცული პირის სტატუსი ჩამოართვა. ეს სტატუსი ამ ადამიანებს ამერიკაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ მიიღო. დროებით დაცული პირის სტატუსი სალვადორის მოქალაქეებს 2001 წლის მიწისძვრის შემდეგ მიანიჭეს. მაშინ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სალვადორში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ცხოვრების გაუსაძლისი პირობები გახდა, თუმცა აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით ამჟამად სპეციალური სტატუსის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობს.

განსაკუთრებული სტატუსი სალვადორის მოქალაქეებს 2019 წლის 9 სექტემბერს გაუუქმდებათ. ამ დროის განმავლობაში მათ საშუალება აქვთ ამერიკა დატოვონ ან იქ ცხოვრების ლეგალური გზა იპოვონ. ანალოგიური სტატუსი ჰაიტისა და ნიკარაგუას მიქალაქეებს ჩამოერთვათ. შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ნეპალის, სომალის, სირიის, იემენის და სამხრეთ სუდანის მოქალაქეთა საკითხის განხილვასაც აპირებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებს საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა. იმიგრაციის კანონის გამკაცრება სალვადორელებს არჩევანის უფლებას არ უტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს წითელი ჯვარიც. მათი თქმით პატარა ქვეყნის ეკონომიკა იმ მოქალაქეების უკან დაბრუნებას, რომლებიც ახალი ცხოვრების დაწყებას შეეცდებიან, ვერ გაუმკლავდება. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ელ სალვადორში უკვე ჩავიდა დეპორტირებული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.