ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულთა საქმე

ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ექვსი ბრალდებულის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დაიწყება. ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ იდიოძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ელოდება. დავით მოდებაძის განცხადებით, პროკურატურას არ გააჩნია ბრალის დამადასტურებული მტკიცებულებები.ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ზურაბ გორნაკაშვილთან და ბადურ ჩოფანაშვილთან საპროცესო შეთანხმებით ცდილობს სასურველი ჩვენებების მიღებას და შემდგომ ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოჩენას. ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის საქმე ტერორიზმის ძირითად საქმეს გამოეყო. ახლა გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს – ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კი საპროტესტო აქციებს აანონსებს.