ახალი კიბერშეტევა რუსეთის მხრიდან

ბრიტანული მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას რუსეთის მხრიდან ახალი კიბერშეტევა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ რუსეთი სწორედ ამ ფორმით იძიებს შურს კოალიციის მიერ სირიაზე ავიადარტყმების საპასუხოდ. ფაქტი, რომ რუსული სადეზინფორმაციო კამპანია გააქტიურებულია, დაადასტურეს პენტაგონშიც.

დანა უაითი, პენტაგონის წარმომადგენელი

რუსული დეზინფორმაციის კამპანია უკვე დაიწყო. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსული ტროლების რაოდენობა 2000-ჯერ გაიზარდა. ჩვენ განვაგრძობთ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და ინფორმაციის გავრცელებას.

ბრიტანული მედია წერს, რომ კიბერთავდასხმები შესაძლოა განხორციელდეს აეროპორტებზე, სარკინიგზო კომპანიებზე, ელექტროსადგურებზე და ბანკებზე. თუმცა მედია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა რუსეთთან ციფრული ომისთვის მზად არის.