თურქეთი საფრანგეთის პრეზიდენტს პოპულიზმში ადანაშაულებს

თურქეთსა და რუსეთს შორის კავშირი საკმარისად მყარია საიმისოდ, რომ სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობამ მას ზიანი მიაყენოს. ამგვარი განცხადება თურქეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ თქვა, რომ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის სარაკეტო იერიში მკაფიო სიგნალია, რომელიც კოალიციამ დამასკოს, თეირანს და მოსკოვს გაუგზავნა.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

სარაკეტო იერიშებმა ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხით სირიის რეჟიმის პოტენციალი დაასუსტა. ეს იერიში შემაკავებელი ფაქტორი და მკაფიო სიგნალია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს საერთაშორისო თანამეგობრობა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

პრესკონფერენციაზე თურქ მინისტრს ჟურნალისტებმა ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ სირიის საკითხი რუსულ-თურქული ურთიერობების გაუარესებს გამოიწვევს.

მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი ევროპელი მეგობარი, პოპულისტური პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებას ამჯობინებს და პროცესებს სერიოზულად არ აღიქვამს. უკვე ბევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტ მაკრონის მოსაზრებას. ჩვენ მისგან შესაბამის განცხადებას ველოდებით, რომელიც პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი იქნება.

გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ სირიაზე სარაკეტო იერიშის მხარდაჭერამ ანკარასა და მოსკოვს შორის განხეთქილება გამოიწვია.