დაძაბულობა ინგუშეთში

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში შეკრებილმა მომიტინგეებმა ხელისუფლებას ახალი მოთხოვნები წაუყენეს. ისინი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის შესახებ კანონის გადახედვას  და ტერიტორიების გადაცემის შესახებ რესპუბლიკაში რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს.

მომიტინგეთა მხარდასაჭერად ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევიც მივიდა. მან განაცხადა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ვაინახური ჩვეულების თანახმად ხალხთან უნდა იქნას შეთანხმებული.

ადგილობრივი პარლამენტის მიერ რატოფიცირებული შეთანხმების თანახმად, ინგუშეთმა ჩეჩნეთს სასაზღვრო ზოლში თავისი ტერიტორიების ნაწილი დაუთმო და სანაცვლოდ სხვა ტერიტორია მიიღო. გადაწყვეტილებას ხელი ორი რესპუბლიკის ლიდერმა 26 სექტემბერს მოაწერა. თუმცა ინგუშეთში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო შეთანხმება არათანაბარია და ინგუშეთი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა.