ქვეყნისთვის მეხუთე ტალღა რთული იქნება - გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს

12.10.21 14:54
ქვეყნისთვის მეხუთე ტალღა რთული იქნება - გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათ ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ყურადღებას კორონავირუსის გავრცელების გაზრდილ მაჩვენებელზე ამახვილებს. მისი თქმით, მომატებულია რეპროდუქციულობის ინდექსიც.

სტატისტიკამ სერიოზული ნახტომი გააკეთა, წინა სამშაბათთან შედარებით 2 ათასით მეტია შემთხვევა. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი. საყურადღებოა, რომ მოიმატა და 1,43-მდეა რეპროდუქციულობის ინდექსი - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესასრულებლად სახელმწიფოს დრო ეწურება. მილიონი დოზის გასაკეთებლად ვადა მხოლოდ 3 თვეა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სპეციალისტები მომდევნო კვირიდან სოფლებში ივლიან და ე.წ. მარათონს მოაწყობენ, რადგან სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აწარმოა ეფექტური კამპანია ვაქცინაციის რეკლამირებისთვის.

მცირდება ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი, დღეში საშუალოდ 7 ათასამდე გვაქვს. თუ ვერ მოვახერხეთ და ვერ ავწიეთ ეს მაჩვენებელი, მაშინ ქვეყნისთვის მეხუთე ტალღა რთული იქნება. გავდივართ ქართლის სოფლებში. ვიწყებთ შიდა და ქვემო ქართლიდან, სადაც წინასწარ იმუშავებენ ჩვენი სპეციალისტები - აცხადებს გამყრელიძე.

4 774  ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი - საქართველო კორონა  ვირუსის  გავრცელების მეხუთე ტალღის ზღვარზეა. საქართველოში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ  ინფიცირების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ექიმები ამბობენ, რომ  ტვინდემია იწყება, ეს  კი  კორონა ვირუსის და სეზონური გრიპის ერთობლიობაა, რომელიც კოვიდ 19-ზე  ბევრად საშიში და საყურადღებოა. მოახლოებული მეხუთე, უფრო რთული ტალღის ფონზე, ხელისუფლებამ აღიარა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ფაქტობრივად, შეჩერებულია.