ხელისუფლება ჩინური "სინოვაკის" გამოყენებას იწყებს - მთავრობა შესაბამის კანონს ცვლის

12.05.21 17:23
ხელისუფლება ჩინური "სინოვაკის" გამოყენებას იწყებს - მთავრობა შესაბამის კანონს ცვლის

საქართველოს ხელისუფლება ჩინური „სინოვაკის“ გამოყენებას იწყებს. ჩინური ვაქცინის  ამ ვერსიას არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და არც რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის აღიარება არ აქვს . ამის მიუხედავად, ხელისუფლება იმუნიზაციის პროცესის „სინოვაკით“ გაგრძელებას მაინც აპირებს. 

კანონის მიხედვით  ვაქცინის გამოყენების უფლება საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ  აქვს, თუმცა „ოცნებამ“ გამოსავალი იპოვა.  ხელისუფლება ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შესაბამის კანონში ცვლილების გზით აპირებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, „პირველებთან“ ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი დადგენილების შეცვლა უწევს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველოდებით ,,ჯანმოს" ავტორიზაციას უახლოეს დღეებში, იმის გათვალისიწინებით, რომ ამ ვაქცინამ უკვე მიიღო სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის დადებითი შეფასება, რაც არის ყოველთვის საფუძველი იმისათვის, რომ ჯანმომ ავტორიზაცია მისცეს ამ ვაქცინას, შესაძლებელია, ეს პროცესი დროში გახანგრძლივდეს და ჩვენ მოგვიწიოს ამ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენი კანონმდებლობის გამოყენება. ამიტომ, იმუნიზაციის საბჭოზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინონ  ყველა ის ფაქტი, რაც ამ ვაქცინის გარშემო არსებობს და შესაძლებელია, რომ გარკვეული ცვლილება შევიდეს დღევანდელ მოთხოვნებში და შესაძლებელია ასევე, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ქვეყანაში იყოს დაშვებული ,,ჯანმო"-ს ავტორიზაციამდე, - ამბობს ჩხაიძე. 

ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ავტორიზებულ ვაქცინებს შემოიტანდნენ,  თუმცა როგორც ჩანს, ეს ასე არ ხდება. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ „სინოვაკის“ გამოყენების გარდა, ქვეყანას სხვა გამოსავალი არ რჩება, რადგან ვაქცინების მარაგი ამოწურულია.