დაღმავალ ფერდზე ვართ - გამყრელიძე ამბობს, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია

11.06.21 18:48
დაღმავალ ფერდზე ვართ - გამყრელიძე ამბობს, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ"- აცხადებს გამყრელიძე. 

ეპიდსიტუაცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი და ინდიკატორი, როგორიც გახლავთ მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე,  იგივე, დადებითობის პროცენტი აჭარაში, დღეს გვაქვს 2 %-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, ანუ ასს არც ასცდენია. ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელიც ბათუმში იმყოფება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს: 

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი 19 000 აცრა ჩატარებულია აჭარაში. პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის ჩატარება. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა, მათ შორის აჭარაში 2 000-დან 3 000-მდე აცრა უნდა ტარდებოდეს",- აცხადებს გამყრელიძე. 

მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პირბადისა და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ სავალდებულოა: 

„პიკი გადავლილი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების უფლება. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ მიუხედავად იმისა, რომ რთულია. არავის არ გვინდა, შეიძლება, ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ აუცილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.