ვაქცინაციის პროცესის შეფერხება - ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

22.06.21 12:35
ვაქცინაციის პროცესის შეფერხება -  ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. გაბუნიამ თქვა, რომ ლოჯისტიკური საკითხები დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეხება. გაბუნიას თქმით, უნდა გამოიკვეთოს, რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს.

ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სარიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე. პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს, რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ მონაცემთა ბაზაში "ასტრაზენეკას" მეტი დოზა იყო დათვლილი, თუმცა რეალურად ვაქცინის დეფიციტი  შეიქმნა.  გამყრელიძე აღნიშნულ გაურკვევლობას ლოჯისტიკური პრობლემებით ხსნის და დოზების დაკარგვას გამორიცხავს.