სად გაქრა ,,ასტრაზენეკას" 5 ათასამდე დოზა - სპეციალისტები სამართლებრივ დავას აანონსებენ

29.06.21 11:07
სად გაქრა ,,ასტრაზენეკას"  5  ათასამდე დოზა - სპეციალისტები სამართლებრივ დავას აანონსებენ

სად გაქრა საქართველოში "ასტრაზენეკას" 5 ათასამდე დოზა - ამ კითხვაზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს ისევ არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კლინიკებში უკვე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინები ვერ დათვალეს და ეს მხოლოდ ლოჯისტიკური შეცდომა იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, აუდიტის დასკვნა მალე იქნება და შესაბამისად გაეცემა კითხვას პასუხი, სად გაუჩინარდა ვაქცინები.

 ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თუ აუდიტის დასკვნა არ გამოქვეყნდება და უწყება ვაქცინის გაქრობის მიზეზებს დამალავს, სამინისტროს სასამართლოში უჩივლებენ.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, ამბობს, რომ ვაქცინების გაქრობის გამო პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. 

 საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება მისი გადასახადებით შეძენილი ვაცქინების შესახებ, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა, რომ არ გამოაქვეყნოს, ან ნაწილობრივ გამოქვეყნოს აუდიტის დასკვნა, იქნება კანონსაწინააღმდეგო და ჩვენ ამაზე სასამართლოში ვიდავებთ. ვაქცინები ან გაფუჭდა, ან გადაყარეს, ან გააკეთეს ფული, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა იყოს პირველი პოლიტიკური, შემდეგ სამართლებრივი, დადგინდეს დამნაშავე", - ამბობს გიორგი ჩალაძე. 

ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინის გაქრობის მიზეზი შესაძლოა, მისი არამიზნობრივი გამოყენება იყოს.

აქ რამდენიმე მიზეზია, ერთია, რომ ვერ გათვალეს და მეორე დოზა რაც იყო გათვლილი, დაიწყეს იმის გამოყენება იმ იმედით, რომ "კოვაქსიდან" მოაწვდიდნენ დროზე, მაგრამ "კოვაქსი" არ არის სანდო პარტნიორი. მეორე არის ის, რომ ამაზე აუდიტი დადებს დასკვნას, არამიზნობრივად იყო გამოყენებული და არ იყო გამოყენებული მხოლოდ იმ ხალხზე, ვისაც ჰქონდა უფლება ვაქცინის გამოყენების. არ ვიცი, აუდიტი დადებს თუ არა საერთოდ დასკვნას", - ამბობს ვატო სურგულაძე.