პედიატრიული საწოლების დამატება დაგვჭირდა, ბავშვებში ინფიცირება მაღალია - გაბუნია

13.07.21 11:53
პედიატრიული საწოლების დამატება დაგვჭირდა, ბავშვებში ინფიცირება მაღალია - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების  დეფიციტია, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი საწოლების მობილიზება. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა არის ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე", - ამბობს გაბუნია. 


ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.