ჯანდაცვის მინისტრი საველე ჰოსპიტლების მოწყობას რეგიონებშიც არ გამორიცხავს

16.08.21 13:16
ჯანდაცვის მინისტრი საველე ჰოსპიტლების მოწყობას რეგიონებშიც არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლები თბილისის გარდა რეგიონებშიც მოეწყოს. ამის მიუხედავად, ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ ზუსტად არ იცის როგორ უნდა უზრუნველყოს საველე ჰოსპიტლისთვის მედპერსონალის მობილიზება. მისი თქმით, საქართველოში ექიმების სამხედრო-საველე პირობებისთვის მომზადება აღარ ხდება, თუმცა არიან პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც ამ საქმეს წარმატებით გაუძღვებიან. 

ჯანდაცვის მინისტრი თბილისში პირველ საველე ჰოსპიტლის მოწყობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს დაიტევს. 

საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით გამართულია უკვე აქ ყველა ის ინვენტარი და მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისათვის, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია 2 ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღესდღეობით არის პრაქტიკოსი ექიმი, მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სახმედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში საველე პირობებში არც ერთი პაციენტის მომსახურება არ გახდეს საჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმის ფარგლებში, ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ და დღეს გუბერნატორთან და კლინიკებთან ერთად ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა ტიკარაძემ.