,,ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა" - მამა იოანე ხელაია ანტივაქსერულ კომპანიას ეხმიანება

20.08.21 13:48
,,ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა" - მამა იოანე ხელაია ანტივაქსერულ კომპანიას ეხმიანება

„ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა“-  რომის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი სოციალურ ქსელში ანტივაქსერულ კამპანიას და ეპიდვითარების გაუარესებას ამ სიტყვებით ეხმაურება. 

მამა იოანე ხელაია  სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ვაქცინას არ ენდობიან.

როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ. ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა. ყველაზე დაუნდობელი. არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც უმთავრესია- არა სიყვარული. წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში. სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია. არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს.. არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს, როგორც გაბოროტებული ადამიანი. სიყვარულის დეფიციტი - აი ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას  და ყველაფერს!

ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული! - წერს მამა იოანე სოციალურ ქსელში.