ყველა ორსული რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში - თამარ გაბუნია

20.08.21 15:36
ყველა ორსული რაც შეიძლება, სწრაფად  უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ადასტურებს, რომ ორსულების „ფაიზერით“ აცრა სრულიად უსაფრთხო და აუცილებელია. გაბუნიას თქმით, რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ყველა ფეხმძიმე უნდა აიცრას და ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გააკეთოს.  

დღეს, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ორსულებში ,,ფაიზერით" ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად ყველა ორსული უნდა, რაც შეიძლება, სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ანტივაქსერული განწყობის მიზეზები რამდენად ძლიერმოქმედია ორსულების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამაზე სტრუქტურირებული კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, თუმცა არ არის გასაკვირი ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება ნაკლებია, ჯერჯერობით მონაცემიც მცირეა, ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშნები დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ,,ფაიზერის" ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას, უკეთესია, — განაცხადა გაბუნიამ.