ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება - რა წერია რეზოლუციის დრაფტში

18.06.25 11:24
ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება - რა წერია რეზოლუციის დრაფტში

დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება -  ცნობილია, რომ განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იქნება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 19 ივნისს იგეგმება. რეზოლუციის ამ დროისთვის არსებულ შეჯერებულ ვარიანტში 8 პუნქტია.

ევროპარლამენტარები რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, "ქართულ ოცნებას"  მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

დოკუმენტი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება.

მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი და ორი დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის, „გაზეთისა“ და „ბატუმელები“-ს თანადამფუძნებელი, 2025 წლის 12 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ამჟამად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის;

ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დააკისრა ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის პოლიციელებს, რომლებმაც სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს;

გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ დევნას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მის ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების მოხსნასთან ერთად;

გამოხატავს შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებების, ჯარიმების, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პოლიციის ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, რაც ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს;

დრაკონული კანონმდებლობის მიღება - როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ კანონი - წარმოადგენს მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას კრიტიკული ხმების ჩასახშობად და რუსული სტილის მმართველობის ასახვისთვის, - წერია დოკუმენტის ერთ-ერთ დრაფტში. 

ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად გმობენ "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, მოწუოდებენ "ოცნებას", ყველა საქმე ეფექტურად გამოიძიოს და თავიდან აიცილოს დაუსჯელობის კლიმატი.  

გმობს 21 წლის აქტივისტ მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას; გმობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის სავარაუდო ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებისთვის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას; მოუწოდებს დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ქმედებები და თავიდან აიცილოს დაუსჯელობის კლიმატი; კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების, დაკავებისა და სასამართლო პროცესის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, - ნათქვამია დოკუმენტში.  

ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მიიჩნევენ, რომ სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე, ასევე რეჟიმს მხარდამჭერ ფინანსურ ხელშემწყობ პირებზე და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ნოემბრიდან პროევროპული საპროტესტო აქციების ან მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კონტექსტში მედიის თავისუფლების დარღვევის, სულ მცირე, 138 ინციდენტი დაფიქსირდა და სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე სულ მცირე 174 მედია პროფესიონალი გახდა;

სულ მცირე, 30 რეპორტიორი განმეორებით დაზარალდა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება, ადმინისტრაციული ჯარიმები, სისხლის სამართლის ბრალდებები და სამართლებრივი შევიწროება. 

მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების მიმართ დაშინება, მუქარა, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური ძალადობა;

წუხს, რომ მედიასა და საინფორმაციო სივრცეს თრგუნავს და დომინირებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიები და მედია საშუალებები, რომლებიც ავრცელებენ ცრუ ნარატივებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და ამით ბაძავენ და იყენებენ რუსული პროპაგანდას და ხელს უწყობენ საზოგადოებაში პოლარიზაციას;

მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მათ შორის ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და გაავრცელონ ეს სანქციები პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე, ასევე რეჟიმს მხარდამჭერ ფინანსურ ხელშემწყობ პირებზე და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მფლობელებზე დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დისკურსის მანიპულირების მცდელობაში მათი როლის გამო",- ნათქვამია დოკუმენტში.