ფარცხალაძე წითელ მოედანზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა - ფავლენიშვილი

11.05.25 13:59
ფარცხალაძე წითელ მოედანზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა - ფავლენიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძე წითელ მოედანზე არა როგორც პუტინის რიგითი მხარდამჭერი, არამედ როგორც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გამოჩნდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორი მჭიდრო კავშირი არსებობს ივანიშვილის და პუტინის რეჟიმებს შორის. 

აშშ-მ ამიტომ დაასანქცირა ფარცხალაძე, რომ ის არის რუსეთის გავლენის მთავარი აგენტი საქართველოში, რომელმაც პოლიტიკურ სისტემაში რუსეთის ინტერესები გაატარა. ამიტომაც ის, როდესაც იმყოფებოდა წითელ მოედანზე, იყო არა უბრალოდ ადამიანი, რომელიც პუტინს უცხადებდა სოლიდარობას ან კრემლს, არამედ იყო ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი წითელ მოედანზე. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როგორი მჭიდრო ბმა არსებობს პუტინის რეჟიმს და ივანიშვილის რეჟიმს შორის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი პუტინის რეჟიმის ფილიალია, - ამბობს ფავლენიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან. 

კადრების გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  "წითელ მოედანზე" გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.