დენიელსონი ჩამოდის - ოპოზიციისთვის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება საკვანძო საკითხებად რჩება

24.03.21 10:56
დენიელსონი ჩამოდის - ოპოზიციისთვის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება საკვანძო საკითხებად რჩება

კრსტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას და მოლაპარაკებების განახლებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები გონივრული კომპრომისისთვის მზაობას გამოთქვამენ.  „ევროპული საქართელოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება საკვანძო საკითხებად რჩება. 

გონივრულ ფარგლებში დემოკრატიული ოპოზიცია კომპრომისებისთვის მზად არის. ოღონდ მხოლოდ გონივრულ ფარგლებში და არა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ბუნებრივია, ამ ჩამონათვალში, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც პრეზიდენტ მიშელმა შეადგინა, პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას საკითხი და ვადამდელი არჩევნების საკითხი საარჩევნო სისტემასთან და რეგულაციების ცვლილებასთან და ადმინისტრაცის ცვლილებასთან ერთად, არის საკვანძო, - ამბობს ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აკაკი მინაშვილს „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე კომპრომისის იმედი არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებას სწორედ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გამოშვების ეშინია, რადგან ეს არის გზა ხელისუფლებვის ცვლილებისკენ. 

რთულია რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ნებისმიერი შემხვედრი ნაბიჯი, იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოქლაქეების ინტერესი და ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას და მოიტანს ცვლილებას, ამის მიმართ აქვთ შიში და არ ვარ დარწმუნებული, რომ მზად არიან ამ ნაბიჯის გადმოსადგმელად, - ამბობს მინაშვილი. 

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით კმაყოფილია და ამბობს, რომ პუტინურ რუსეთს ბრძოლა ფაქტობრივად მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა. 

მომწონს, რომ ასეთი დაინტერესებაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიატოვეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა და თან პლიუს ემთხვევა ის, რომ პრაქტიკულად მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა ბრძოლა პუტინურ რუსეთს, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.