"ოცნება" 2012 წლიდან არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსიდან არასოდეს გადაუხვევია - როგორ გაიგო წულუკიანმა ვაშინგტონის გზავნილები

24.03.21 12:18
"ოცნება" 2012 წლიდან არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსიდან არასოდეს გადაუხვევია - როგორ გაიგო წულუკიანმა ვაშინგტონის გზავნილები

ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს - ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა  გუშინ, აშშ-ს სენატში საგარეო კომიტეტის სხდომის გზავნილები. წულუკიანის აზრით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. 

მინდა გამოვეხმაურო აშშ -ს სენატში მიმდინარე პროცესებს, აშშ-ს პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა, ამერიკულმა მხარემ ოპოზიციას უთხრა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე  არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსიდან არასოდეს გადაუხვევია, შეერთებული შტატების პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნებს და ეუთო/ოდირის და ყველა დამკვირვებლის შეფასებით,  31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და  აკმაყოფილებდა დემოკრატიულ  სტანდარტებს. ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას უთხრა, რომ ოპოზიცია  პარლამენტში უნდა შევიდეს, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასე გააკეთებს, რადგან ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ ეს ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს, - თქვა წულუკიანმა.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ, სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს. უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.