ევროპული მიდგომა ვენეციის კომისიას ეჭვქვეშ არ დაუყენებია - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადება

24.03.21 14:53
ევროპული მიდგომა ვენეციის კომისიას ეჭვქვეშ არ  დაუყენებია - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადება

კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ისინი  ვენეციის კომისიის დასკვნას პასუხობენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთიან  ევროპულ სტანდარტებთან  შესაბამისობაშია. 

 კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება ერთიან ევროპულ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, კერძოდ კი კომისიის ყველა გადაწყვეტილების რევიზია, მათ შორის გადაწყვეტილების შეჩერება უნდა ხდებოდეს სასამართლოს მიერ და არა ავტომატურად,  რომელიმე ავტორიზებული პირის სარჩელის საფუძველზე. კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დაუბრკოლებლად აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ რეგულირებადი სფეროს სწორად განვითარებისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მხოლოდ სასამართლოს მიერ შეჩერება გარანტირებულია  ასოცირების შესახებ შეთანხმებით. აღნიშნული ევროპული მიდგომა არც თავად ვენეციის კომისიას დაუყენებია ეჭვქვეშ. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ყველა სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში სწორია, რომ სასამართლოს მიერ ხდებოდეს გადაწყვეტილების შეჩერება,  გარდა სპეციალური მმართველის დანიშვნისა - აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში. 

ვენეციის კომისიამ 20 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში განაცხადა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება.

 კომუნიკაციების კანონში ცვლილებები 2020 წლის ივლისში, 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებში შევიდა.