სენატში უკიდურესად ნეგატიური განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით - კახაბერ ქემოკლიძე

24.03.21 16:36
სენატში უკიდურესად ნეგატიური განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით - კახაბერ ქემოკლიძე

უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები - ასე აფასებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე სენატში გამართულ მოსმენებს. „Facebook“ პოსტში კახაბერ ქემოკლიძე წერს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში სენატში საქართველოს ხელისუფლების მიმართ მსგავსი ნეგატიური განცხადებები არ ყოფილა.

ბოლო 8/9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით, - წერს ქემოკლიძე. 

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებითაც წერს და ამბობს, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ყოფილი პრემიერის ეს ნაბიჯი სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს.

ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა, - წერს ქემოლიძე სოციალურ ქსელში.

კახაბერ ქემოკლიძე ასევე წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან სენატორებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ფინანსური ბერკეტების ამუშავებიდან ერთ ნაბიჯში ვართ.

გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს! - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 
 

 კახაბერ ქემოკლიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობა სულ 21 დღე ეკავა და გახარიას გადადგომიდან მალევე ისიც წავიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქემოკლიძე, შესაძლოა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში მოიაზრებოდეს. 

მსგავსი სიახლეები