გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, აშშ-ის მთავარი გზავნილია, რომ პარტნიორობა გრძელდება- პრეზიდენტი

24.03.21 20:31
გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, აშშ-ის მთავარი გზავნილია, რომ პარტნიორობა გრძელდება- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენის დროს გამოთქმულ კრიტიკას "გარკვეული შენიშვნებს" უწოდებს. 

ზურაბიშვილის შეფასებით, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება.

"გუშინ ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას"- წერს ზურაბიშვილი. 


მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში მერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას უცხადებენ:

აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.
ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში"- აღნიშნავს ზურაბიშვილი. 


პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს  "უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს".

შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ"- წერს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები