პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები-ოპოზიციის საერთო წერილი

26.02.21 15:00
პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები-ოპოზიციის საერთო წერილი

პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა-ოპოზიციის საერთო მოთხოვნები პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო. 

"დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესის მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პოზიცია და ეს პოზიცია არ გადაიხედება. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს დათმობაზე წასვლას, მაგრამ "მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია", - ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში. 

ოპოზიციის საერთო მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ საპროტესტო აქციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.