თუ ვინმე ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, მას პოლიტიკაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არა აქვს - გურამ მაჭარაშვილი

25.03.21 14:09
თუ ვინმე ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, მას პოლიტიკაზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არა აქვს - გურამ მაჭარაშვილი

,,ქართული ოცნება" ეხმიანება ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებას ვადამდელი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლეთმა აღიარა და მმართველი პარტია მის ჩატარებას არც განიხილავს.

 ევროპული სტრუქტურები, ამერიკის სენატი აღიარებს ჩვენი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, ამ ფონზე  თუ ვინმე ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, მას პოლიტიკაზე წარმოდგენა არა აქვს. ,,ქართული ოცნების" მზაობა, რომ შეთანხმება გვინდა, მტკიცდება იმით, რომ არსებობს კონკრეტული შეთავაზებები, რაც ცნობილია ბატონი დანიელსონის და ევროკავშირის მიერ. ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ როცა ეს შეთავაზება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, მიხვდებიან, რომ იყო რეალური და პრაგმატული - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთამ მოლაპარაკების მიზნით კომპრომისული ნაბიჯები გადადგა. დავით ზალკალიანი დასავლეთის მხრიდან კრიტიკასა და სანქციებს არ ელოდება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ,,ოცნებამ" კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადადგა, ეს აშკარაა. მით უმეტეს მაშინ, როცა გვესმის, რომ ოპოზიციის კომპრომისი მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობაა. ამიტომ არანაირ სანქციებს ევროპისგან არ ველოდებით - ამბობს დავით ზალკალიანი.

 ტვ პირველის ეთერში გუშინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი,  ჟიგმუნტას პავილიონისი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა,  გამოვიდნენ.  მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე არ მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ქვეყანა ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე დადგება და დასავლეთი მას ზურგს შეაქცევს.

მსგავსი სიახლეები