წინასწარი ინფორმაციით, ექთნის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა - ტიკარაძე

26.03.21 12:17
წინასწარი ინფორმაციით, ექთნის  გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა - ტიკარაძე

არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ახალციხელი ექთნის სიკვდილის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად ვაქცინა არ დასახელდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გურიაში, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, მეგი ბაქრაძის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და მარეგულირებელი სააგენტოს ერთობლივ დასკვნას ორშაბათს გააჟღერებენ.

ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ისე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა", - განაცხადა ტიიკარაძემ. 

მისი თქმით,  მოქალაქეები ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, დარწმუნდებიან:

საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, - თქვა მინისტრმა. 
 

 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" მიმდინარე წლის 18 მარტს აიცრა, მეგი ბაქრაძე რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. ის მეორე დღეს  თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.