,,ოცნებისთვის" წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ძალაუფლების დაკარგვაა - ზურა ჯაფარიძე

26.03.21 12:55
,,ოცნებისთვის" წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ძალაუფლების დაკარგვაა - ზურა ჯაფარიძე

,,გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფეისბუკზე სტატუსს ავრცელებს, თუ რა მოლოდინი აქვს დანიელსონის მორიგი ვიზიტისგან. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისშია, მაგრამ ,,ოცნება" ძალაუფლებას ინარჩუნებს.

ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია. ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია. ინვესტიციები აღარ შემოდის, არავინ რისკავს აქ ფულის ჩადებას. ამას ემატება კოვიდ-პანდემია და რეგიონში გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება. ამ ფონზე მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი / უშიშროების სტრუქტურების გამოყენებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას - წერს ზურა ჯაფარიძე.

,,გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ,,ოცნება" ამ ფორმულირებას არ ეთანხმება, რადგან ვადამდელი არჩევნები მისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც არჩევნების შემდეგ უფრო ნაცვლად გაღრმავდა, კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია ნიკა მელიას დაპატიმრების, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადისა და დე-ფაქტო პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ასეთ ვითარებაში, კრიზისის განმუხტვისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა - ხელახალი არჩევნები. მაგრამ ,,ოცნება" აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია. სინამდვილეში, წითელი ხაზი ,,ოცნებისთვის" ძალაუფლების დაკარგვაა. მათ წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ და არა ზოგადად არჩევნების. ეგაა წითელი ხაზი და თავს ნურავინ მოიტყუებს - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კრიზისის განმუხტვა დასავლელმა პარტნიორებმა იტვირთეს, მაგრამ მოლაპარაკების რაუნდებმა უშედეგოდ ჩაიარა. ახლა მეორე რაუნდი იწყება, მაგრამ პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, რა შედეგს მოიტანს კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი.

გადავწყვიტე საჯაროდ დავწერო, რას ველოდები მე ამ ვიზიტისგან 
პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და  პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ. ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ ქვეყნის ასეთ ვითარებამდე მიყვანის შემთხვევაში დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, 
მე ველოდები, რომ ეს იქნება ბ-ნი დანიელსონის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე.