ვინც 5-ჯერ მაინც უთხრა გახარიას გამარჯობა, მგლის ბილიკით გამოუშვებენ მთავრობიდან - უგულავა

26.03.21 17:31
ვინც 5-ჯერ მაინც უთხრა გახარიას გამარჯობა, მგლის ბილიკით გამოუშვებენ მთავრობიდან - უგულავა

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ფარცვანია, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მთავრობამ გახარიას კადრების მოშორება დაიწყო. 

"მთავრობაში არის შემდეგი პროცესი - გახარიასთან ვინც იყო აფილირებული, ტკბილად-მშვიდად გაუშვებენ, ვინც გაძალიანდება, იმას პანჩურით გააგდებენ, მეტი არაფერი არ ხდება. ვინც 5-ჯერ მაინც უთხრა გახარიას გამარჯობა, მის კაბინეტში არის ნამყოფი, მას მგლის ბილიკით გამოუშვებენ მთავრობიდან"- განაცხადა უგულავამ. 

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი,  ფარცვანიას გადადგომას კანონზომიერს უწოდებს. 

"ნიშანდობლივია, რომ მან ხაზგასმით გადაუხადა მადლობა გახარიას, რითაც მიანიშნა საზოგადოებას, რომ მე ვარ გახარიას ან მომხრე, ან კადრი. 

ძალიან კარგი პროცესია დაწყებული. დღეს იყო ქართულ ოცნების წევრი, ძალიან უხერხული გახდა. ვფიქრობ, რომ ეს იგრძნეს ადამიანებმა, მე მხოლოდ მივესალმები ამ პროცესს" - განაცხადა ჩარკვიანმა. 

 საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა. ის გადადგომასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს "დროებით" ემშვიდობება. ფარცვანია განსაკუთრებულ მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უხდის.