რა საკითხები განიხილეს ჟენევის მოლაპარაკების 52-ე რაუნდზე - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

27.03.21 10:37
რა საკითხები განიხილეს ჟენევის მოლაპარაკების 52-ე რაუნდზე - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

26 მარტს  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი გაიმართა , რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო უწყება  ავრცელებს.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება. ქართულმა მხარემ უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე.საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე.აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.